სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს პროფესიული მომზადების პროგრამას – „გარემოსდაცვითი მმართველი“. პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 19 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი 23 თებერვალს დაიწყება.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს დეტალურად შეისწავლოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული გარემოსდაცვითი მმართველის ვალდებულებები და შეიძინოს პრაქტიკული უნარები.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე იმ კომპანიების თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის ნარჩენი და რომლებიც ვალდებულნი არიან ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება 200 ტონაზე მეტი არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტი ინერტული ან 120 კგ სახიფათო ნარჩენი, ეკისრებათ ვალდებულება ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კადრი – გარემოსდაცვითი მმართველი. აღნიშნულმა მოთხოვნამ სხვადასხვა სექტორში კვალიფიცირებული სპეციალისტების საჭიროება მნიშვნელოვნად გაზარდა.
პროგრამის მიზანია ისეთი გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც ეფექტიანად განახორციელებენ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ნარჩენების კლასიფიცირებას, ნარჩენების მართვის გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, ელექტრონულ სისტემებში მუშაობას, თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის მექანიზმებს.
სასწავლო პროგრამა შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. პროგრამის სრული ხანგრძლივობა 4 კვირაა (55 საათი). კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. აღნიშნული სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, განათლების განვითარების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების საფუძველზე.
კურსს გაუძღვებიან დარგის წამყვანი ექსპერტები საჯარო და კერძო სექტორიდან, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ქრისტინე ვარდანაშვილი-გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ეკატერინე კისკეიძე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი;
კონსტანტინე ხაჭაპურიძე - დამოუკიდებელი ექსპერტი.
საკონტაქტო პირები:
სწავლების საფასური 700 ლარი. სასწავლო პროცესი გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ.
რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: vet.emis.ge