გარემოსდაცვითი განათლება წარმოადგენს მულტიდისციპლინურ სწავლებას, რომელიც აყალიბებს გარემოსდაცვით შეგნებას, ღირებულებებს და უნარ-ჩვევებს, რისი საშუალებითაც ადამიანი და მთლიანად საზოგადოება მონაწილეობს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში.
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საერთაშორისო საზოგადოებამ დაიწყო კვლევა განათლების შესაძლო როლის შესახებ გადაუდებელი გარემოსდაცვითი და განვითარების გამოწვევების აღმოფხვრის საკითხებში. საერთაშორისო ხედვა გარემოსდაცვითი განათლებისათვის (EE) პირველად აღწერილ იქნა ბელგრადის 1975 წლის ქარტიაში, რომელშიც ჩამოყალიბდა მიზნები, ამოცანები, პრინციპები და გარემოსდაცვითი განათლების სამიზნე აუდიტორია (UNESCO-UNEP, 1975).
ამ მოსაზრებების შემდგომი განვითარება მოხდა 1977 წელს საქართველოში, ქ. თბილისში გამართულ სამთავრობოთაშორისო კონფერენციაზე გარემოსდაცვითი განათლების შესახებ (ICEE). კონფერენციაზე მომზადდა თბილისის დეკლარაცია, რომელშიც ჩამოყალიბდა ფორმალური და არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების სისტემის სტრუქტურა როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. ასევე ნათლად განისაზღვრა გარემოსდაცვითი განათლება, როგორც „სასწავლო პროცესი, რომელიც იწვევს ადამიანის ცოდნისა და ცნობიერების დონის ამაღლებას გარემოსთან და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ავითარებს აუცილებელ უნარებს და ექსპერტულ ცოდნას გამოწვევების გადასაჭრელად და სტიმულირებას უწევს მიდგომებს, მოტივაციებს და ნაკისრ ვალდებულებებს, რათა მიღებულ იქნეს კარგად არგუმენტირებული გადაწყვეტილებები და განხორციელდეს საპასუხისმგებლო ქმედებები” (UNESCO-UNEP, 1978).
გარემოსდაცვითი განათლების სფეროს განვითარებასთან ერთად, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება „მდგრადი განვითარების“ ფართო ცნებას. გაეროს მიერ დაფინანსებული ბრუნდტლანის კომისიის თანახმად, მდგრადი განვითარება არის „განვითარება, რომელიც პასუხობს ახლანდელი თაობის მოთხოვნილებებს ისე, რომ ზიანს არ აყენებდეს მომავალი თაობების შესაძლებლობას, დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები” (UNWCED, 1987). ის ეხება ქმედებების ფართო სპექტრს და მოიცავს მრავალ სექტორს.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მოხდა გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარების კონცეფციის შერწყმა, რაც აღინიშნება ტერმინით „განათლება მდგრადი განვითარებისათვის” (ESD). გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) თანახმად, განათლება მდგრადი განვითარებისათვის `აფართოებს” გარემოსდაცვით განათლებას სხვა სფეროებთან მისი ინტეგრირებით იმ მიზნით, რომ შეიქმნას „ყოვლისმომცველი კონცეფცია, რომელიც მოიცავს ურთიერთდაკავშირებულ გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს” (UNECE, 2005). დღეისათვის „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ საერთაშორისო დონეზე აღიარებულია როგორც მდგრადი განვითარების ფუნდამენტური სტრატეგია.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005-2014 წლები გამოაცხადა `განათლება მდგრადი გავითარების დეკადად (DESD) (UNESCO, 2005). შედეგად, მრავალმა საერთაშორისო და ეროვნულმა ორგანიზაციამ შეიმუშავა სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები `განათლება მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელების მიზნით.
გარემოსდაცვითი განათლების პროცესი ხელს უწყობს და აძლიერებს მდგრადი განვითარებისათვის განათლებას. ამ მიზნით 2012 წელს (6-7 სექტემბერი) ქ. თბილისში გაიმართა მთავრობათაშორისი კონფერენცია სახელწოდებით ,,თბილისი+35 - გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“, რომელსაც 98 ქვეყნის მთავრობათა, ასევე საერთაშორისო მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის მოწვევით, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასა (UNESCO) და გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP) პარტნიორობით და კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა მოახმარონ გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარების მისაღწევად. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში მიღებული იქნა კომუნიკე, რომელიც აღიარებს, რომ მდგრადი განვითარებისათვის განათლების რაციონალური პოლიტიკის ფარგლებში გაეროს სისტემამ და მთავრობებმა მხარი უნდა დაუჭირონ გარემოსდაცვით განათლებას. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სიღრმისეულად არის გაგებული გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარებისთვის განათლების ურთიერთმიმართება. აღნიშნული კომუნიკეს მითითებები მდგრადი განვითარებისათვის განათლების შესახებ აღიარებს გარემოსდაცვითი განათლების არსებით მნიშვნელობას იმ გაგებით, რომელიც ჩამოყალიბდა თბილისის დეკლარაციის შემდგომ და მოიაზრებს გარემოსდაცვით, ასევე მდგრადი განვითარებისათვის განათლებას.