ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

კლიმატის ცვლილება / სექტორის მიმოხილვა

დღესდღეობით კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. კლიმატი, ფაქტობრივად, გასაშუალოებული ამინდია, რომელიც მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის საშუალო ამინდის ხანგრძლივ ცვლილებას აღნიშნავს.

მთავარი მიზეზი, რის გამოც დღესდღეობით კაცობრიობა ამ პრობლემის წინაშე დგას არის ადამიანის აქტიური საწარმოო საქმიანობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სწრაფ ინდუსტრიალიზაციას. ასევე კლიმატის ცვლილება უკავშირდება  ბუნებრივ ცვილებებს, როგორიც არის კონტინენტებისა და ოკეანეების ზომების ცვლა და მათი ორმხრივი განლაგება, მზის ნათების ცვლა, დედამიწის ორბიტის პარამეტრების შეცვლა, ატმოსფეროს გამჭვირვალობის შეცვლა, ატმოსფეროს სათბურის აირების კონცენტრაციის ცვლა (СО2 და CH4), ალბედოს გამოსახულების შეცვლა, ოკეანის სიღრმეში არსებული სითბოს რაოდენობის ცვლა და სხვ.

კლიმატის ცვლილების მავნე შედეგები მოიცავს მყინვარების დნობას მთებზე და ყინულის ფენების განლევას ოკეანეებში, ე.წ. „სიცხის ტალღებს”, გვალვებს ერთი მხრივ, და ძლიერ წვიმებს მეორე მხრივ, ოკეანის დონის აწევას, დატბორვების, წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყერების, ზვავების გახშირებას, ცუნამების, სხვადასხვა ქარიშხლების გაძლიერებასა და გახშირებას. კლიმატის შეცვლის შედეგად იცვლება ბუნება, ეკოსისტემები, რომელთაგან მრავალი ვერ ასწრებს ადაპტაციას და გადაგვარდება; იზრდება ადამიანთა დაავადების რისკი, მათ შორის, ეპიდემიების გავრცელებისაც. „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგები სულ უფრო მეტ მრავალფეროვნებასა და ინტენსივობას ავლენს წლიდან წლამდე, გაზრდილია ექსტრემალური მოვლენების ინტენსივობა და სიხშირე, შავი ზღვის სანაპირო ზონაში გაძლიერდა ნაპირის ეროზიისა და ჩარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და სასწრაფოს ხდის პრობლემის მოგვარების აუცილებლობას.

გამომდინარე იქიდან, რომ კლიმატური სისტემის გლობალური დათბობა არის რეალური პრობლემა, რის წინაშე დგას ყოველი ქვეყანა და სათბური გაზების  ემისიის შემცირების შეფერხებით კლიმატის ცვლილების ნეგატიური  ზემოქმედების რისკის გაძლიერების ალბათობა მაღალია, საქართველო აქტიურად ახდენს ეროვნული რესურსებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას, რათა უზრუნველყოს დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მდგრადი განვითარება.

ამის მოსაგვარებლად აუცილებელია დროული ქმედებები, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ზიანს და ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.

2023 წელს საქართველო შეუერთდა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე ნივთიერებების - წყალბადფტორნახშირბადების (წფნ-ები, HFCs) მოხმარების შესამცირებლად.

რა არის წყალბადფტორნახშირბადები?
• კიგალის ცვლილებით გათვალისწინებული წყალბადფტორნახშირბადები (წფნ-ები, HFCs) წარმოადგენენ ფთორის შემცველ სათბურის გაზებს და ოზონდამშლელი ნივთიერებების მსგავსად ძირითადად მოიხმარებიან მაცივარაგენტებად ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სექტორში. წფნ-ები უმთავრესად არიან ადვილად აალებადი ან ტოქსიკური ნივთიერებები, რომლის არამართლზომიერი გამოყენება სახიფათოა როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ოზონის შრის შენარჩუნების მიზნით მსოფლიოში ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების შემცირებამ გამოიწვია მოთხოვნის ზრდა ალტერნატიულ ნივთიერებებზე, მათ შორის წფნ-ებზე. წფნ-ებს აქვთ განსაკუთრებით მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალი (140-11700), რითაც წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი წარმოადგენენ სათბურის გაზების მცირე ნაწილს, წფნ-ების მოხმარება ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდება და უახლოესი ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელია მათი ემისიის დაახლოებით ოცჯერ გაზრდა, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში მაცივარზე და კონდიციონერზე მოთხოვნის ზრდის გამო. 

რას ითვალისწინებს კიგალის ცვლილება?
• საქართველო 1996 წლიდან არის მონრეალის ოქმის მხარე ქვეყანა და მას შემდეგ პირნათლად ასრულებს აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. 2016 წლის ოქტომბერში რუანდის დედაქალაქ კიგალიში მიღებულ იქნა მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილება. 2019 წლიდან კიგალის ცვლილება შესულია ძალაში. ცვლილება არეგულირებს წფნ-ების წარმოებასა და მოხმარებას. 
• კიგალის ცვლილების მთავარი მიზანია მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე წფნ-ების მოხმარების და გაფრქვევების ეტაპობრივი შემცირება დაბალი ან ნულოვანი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ალტერნატივების წახალისების გზით. კიგალის ცვლილება ადგენს წფნ-ების ჩამონათვალს და მათი წარმოებისა და მოხმარების შემცირების მოთხოვნებს. ცვლილებით გათვალისწინებულია 2045 წლისთვის საბაზისო დონესთან შედარების მოხმარების 80%-ით შემცირება. კიგალის ცვლილების ვალდებულებათა განხორციელების შედეგად 2100 წლისთვის ნავარაუდევია გლობალური დათბობის შემცირება 0,4 0C-ით.
• კიგალის ცვლილება უზრუნველყოფს, ერთის მხრივ დაბალი ან ნულოვანი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ალტერნატიული ტექნოლოგიების შემდგომ განვითარებას და კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით მასიურ წარმოებას, ხოლო მეორეს მხრივ წფნ-ების წარმოების და მოხმარების ეტაპობრივ შემცირებას. კიგალის ცვლილებასთან შეერთებით გათვალისწინებული ძირითადი ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილია მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

რა შედეგები ექნება საქართველოს კიგალის ცვლილების განხორციელების შედეგად?
• კიგალის ცვლილების ეფექტიანი განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების დარგი, არ ჩამორჩება განვითარების მსოფლიო ტენდენციებს და ეტაპობრივი გაუმჯობესების გზით უმტკივნეულოდ აუწყობს ფეხს დარგის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სექტორი არის თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი კომპონენტი, რომლის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია ისეთი უმნიშვნელოვანესი საჭიროებებით უზრუნველყოფა, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, რომ არაფერი ითქვას ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა სექტორებზე. 
• კიგალის ცვლილებასთან შეერთების შედეგად, ქვეყანაში დაინერგება უკეთესი, ხშირ შემთხვევაში უფრო ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. ამასთან, შეერთებით ქვეყანა თავს დაიცავს მეორადი ძველი ტექნიკის დიდი ოდენობით შემოსვლისგან, რაც სამომავლოდ შეაფერხებს სექტორის განვითარებას და გაართულებს, როგორც კიგალის ცვლილების ფარგლებში, ისე ზოგადად კლიმატის ცვლილების კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
• კიგალის ცვლილებასთან შეერთება საშუალებას მისცემს საქართველოს ჰქონდეს წვდომა მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის გამოყოფილ ფინანსურ რესურსთან, რაც გამოყენებული იქნება შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად.

რას აკეთებს საქართველო წყალბადფტორნახშირბადების მოხმარების შესამცირებლად?
• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავდა და საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 16 ივნისს მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს მაცივარაგენტების, მათ შორის წფნ-ების მართვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესებას, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში მომსახურების ხარისხის გაზრდასა და კიგალის ცვლილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას. განახლებული კანონმდებლობა აწესებს მოთხოვნებს მაცივარაგენტების, მათ შორის წფნ-ების ჟონვის მონიტორინგის, შეგროვების, აღდგენის, რეციკლირებისა და განადგურების კუთხით და იგი ასევე არეგულირებს წფნ-ების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას. 
• ამასთან, მაცივარაგენტების მართვის და ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, გათვალისწინებულია მაცივარაგენტების, მათ შორის წფნ-ების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა. დაგეგმილია სამაცივრო სექტორში არსებული სერტიფიცირების სისტემის სრულყოფა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესება. ასევე, მოხდება მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლება, და სახელმწიფო აღმასრულებელი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება. 

საჯარო განხილვები