ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ, ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის, აიღო მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ვალდებულება და ხაზი გაუსვა ვაჭრობასთან დაკავშირებული შრომითი და გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობას. აღნიშნული ვალდებულება მოიცავს, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობას მდგრადი განვითარების ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქტიური თანამშრომლობით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით 2020 წლის აგვისტოს თვიდან საქართველოში არაერთი აქტივობა ხორციელდება საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში იმპლემენტაციისათვის.
ყოველი შესყიდვა იძლევა მდგრადი განვითარების ხელშეწყობის და მისი წახალისების პოტენციურ შესაძლებლობას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფცია. მდგრადი საჯარო შესყიდვები მდგრადი განვითარების მიღწევის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს და მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად ეფექტურ ინსტრუმენტად განიხილება, რისკენაც საქართველო მიისწრაფვის. საგულისხმოა, რომ მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი (მდგრადი მოხმარებისა და წარმოების უზრუნველყოფა) განიხილება, როგორც ენერგოეფექტურობის, მდგრადი ინფრასტრუქტურის, რესურსეფექტურობის, ღირსეულ სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტი. მდგრადი განვითარების 12.7 ამოცანა ითვალისწინებს მდგრადობაზე ორიენტირებული საჯარო შესყიდვების ხელშეწყობას, ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
საერთაშორისო დონეზე მდგრადი საჯარო შესყიდვა განმარტებულია როგორც პროცესი, რომლის დროსაც ორგანიზაციები საკუთარ მოთხოვნილებებს საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოსა და კომუნალურ მომსახურებაზე იკმაყოფილებენ ისე, რომ მიღწეულ იქნეს ხარჯთეფექტურობა მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, იმგვარად, რომ სარგებელი მიიღოს არამხოლოდ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, არამედ საზოგადოებამ და ეკონომიკამ, გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების გზით.
მდგრადი განვითარება შემსყიდველი ორგანიზაციებისგან მოითხოვს საკუთარი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განხორციელებას სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების მხედველობაში მიღებით, ისე რომ არცერთი ზემოაღნიშნული ასპექტი არ იყოს დომინანტური და იქნეს სათანადო ბალანსი დაცული. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების გამოყენება შესაძლებელია შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ბაზრის მოკვლევიდან დაწყებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლით დამთავრებული.
მდგრადი საჯარო შესყიდვა მიზნად ისახავს სათანადო ბალანსის მიღწევას მდგრადი განვითარების სამ საყრდენს – ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს შორის.
• მდგრადი საჯარო შესყიდვების ეკონომიკური ფაქტორი უკავშირდება მთლიანი სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის გამოთვლის მეთოდოლოგიის გამოყენებას. შესყიდვა უნდა იყოს ეფექტიანი, რაც ნიშნავს ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი წინადადების მიღებას;
• მდგრადი საჯარო შესყიდვების სოციალური ფაქტორი მოიცავს სოციალური თანასწორობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის დაცულობას, ადამიანის უფლებებისა და შრომის სამართლის პრინციპების დაცვას;
• მდგრადი საჯარო შესყიდვების გარემოსდაცვითი ფაქტორი მოიცავს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ემისებს, კლიმატის ცვლილებას, ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივი რესურსების სწორ გამოყენებას, შესყიდული ობიექტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
მდგრადი საჯარო შესყიდვების განორციელების შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტის რაციონალური, პასუხისმგებლიანი, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვა გახდება მაგალითის მიმცემი ეკონომიკური ოპერატორებისთვის, მდგრადი პოლიტიკის განხორციელების, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნების მიღწევისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისით, მდგრად საჯარო შესყიდვებს გააჩნია ხარჯების შემცირებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების პოტენციალი. ამდენად, მდგრადი საჯარო შესყიდვა შესაძლოა, გახდეს ინოვაციის მთავარი მამოძრავებელი და ბაზარზე მდგრადი პროდუქტების, საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების გავრცელების რეალური ინდიკატორი.
სასარგებლო ბმული:
• ვიდეორგოლი მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ - EU4Environment (ქართული სუბტიტრებით)
https://www.youtube.com/watch?v=SzwUG32o-5E