წყალი უნიკალური და უპირველესი, სასიცოცხლო მნიშვნელობის, ადამიანის, ცხოველთა სამყაროს და მცენარეული საფარის არსებობისათვის აუცილებელი ბუნებრივი რესურსია. იგი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უპირველეს მოთხოვნილებას ჰაერის შემდეგ და სწორედ ამიტომაც ითვლება უნიკალურ რესურსად, რომელთა რაოდენობის მხრივ საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა.
საქართველოში წყლის რესურსი ბუნებრივად არათანაბრად არის გადანაწილებული და უპირატესად თავმოყრილია საქართველოს დასავლეთ ნაწილში მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის რეგიონები ხშირად წყლის ნაკლებობას განიცდიან. საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება 26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 60000 კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები). ისინი მიეკუთვნებიან ორ ძირითად აუზს, რომლებსაც ლიხის ქედი ყოფს. შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18109 მდინარე, ეს საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 70%-ია, ხოლო კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნება 7951 მდინარე (30%). ჰიდროლოგიურად შესწავლილია 555 მდინარე შავი ზღვის აუზში და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში.
აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი დამოუკიდებლად ერთვიან შავ ზღვას.
საქართველოს უდიდესი მდინარეა მტკვარი, რომლის მხოლოდ შუაწელია (400 კმ) ჩვენს ტერიტორიაზე. იგი სათავეს თურქეთში იღებს, ხოლო კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩაედინება. დასავლეთ საქართველოს მდინარეებს შორის ყველაზე უდიდესი და წყალუხვი მდინარე რიონია. იგი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული, კავკასიონის მთებში იღებს სათავეს და ქუთაისისა და ფოთის გავლით შავ ზღვაში ჩაედინება.
საქართველოში 860-მდე ტბაა. უმეტესობა ძალიან პატარაა, ამიტომაც ტბების საერთო ფართობი 170 კვ.კმ-ს არ აღემატება (ქვეყნის ტერიტორიის 0.24%). მათი უმეტესობა მტკანარია. საქართველოში ფართობით ყველაზე დიდია ფარავანის ტბა, მოცულობით - ტაბაწყურის, სიღრმით - რიწის (იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორის).
ჭაობებს საქართველოში განსაკუთრებით დიდი ფართობი ( 225 ათასი ჰა) უკავია კოლხეთის დაბლობზე.
დასავლეთიდან საქართველოს აკრავს შავი ზღვა, რომლის სანაპირო ზოლის სიგრძე საქართველოს ფარგლებში დაახლოებით 315კმ-ია.
შავი ზღვა არის წყლის უნიკალური ობიექტი. ეს არის ზღვა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ წყალშემკრებ აუზს მსოფლიოში. აუზის ფართობი შეადგენს 2 მლნ კვ.კმ. ამ ბუნებრივმა მოცემულობებმა შავი ზღვა გამორჩეული გახადა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. დიდი წყალშემკრები აუზისა და ნახევარადჩაკეტილი ბუნების გამო შავი ზღვა ძალიან მგრძნობიარეა ანთროპოგენური ზეგავლენის მიმართ.
1960 წელს რეგისტრირებული 26 თევზის კომერციული სახეობიდან დღესდღეობით მხოლოდ 3-4 სახეობაა შემორჩენილი. გადაჭარბებული რეწვის გამო 1970-80-იან წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა თევზჭერის სტრუქტურა.
კომერციული სახეობების შემცირების ძირითად მიზეზებს წარმოადგენს გადაჭარბებული რეწვა, უცხო სახეობების შემოჭრა და თევზის საარსებო გარემოს დეგრადაცია.
შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოსათვის ფასდაუდებელია. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან წარმონაქმნს ქვეყნის ზოგადგეოგრაფიული მდებარეობისათვის, რესურსულ პოტენციალს, რეკრეაციულ ზონას, საგარეო კავშირურთიერთობების ძირითად არტერიას. შავი ზღვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალებაა. მისი საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს საზღვაო ქვეყნებთან დაკავშირება.
საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), რომლებიც ხასიათდება დიდი რესურსებით, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით და, მყარი წიაღისეულისგან განსხვავებით, დროში განახლებადობით.
საქართველო მტკნარი მიწისქვეშა წყლის რესურსული პოტენციალით 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. მათ იყენებენ როგორც სასმელი და სამკურნალო დანიშნულებით, ასევე სითბური ენერგიის წყაროებად.
მიწისქვეშა წყლები მინერალიზაციისა და ტემპერაატურის მიხედვით ჯგუფებად იყოფა:
• მტკნარი სასმელი წყლები (მინერალიზაციით არა უმეტეს 1,0 გ/ლ);
• მინერალური წყლები (1,0 გ/ლ-ზე საერთო მინერალიზაციით);
• თერმული წყლები - სამკურნალო (20-350C), თბოენერგეტიკული (40-1080C).
ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემპებით გაიზარდა წყლის მოხმარება როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. შესაბამისად, მოიმატა და ფართო ხასიათი მიიღო წყლის დაბინძურებამაც.
წყლის ობიექტებს საწარმოო ჩამდინარე წყლები, ქიმიური, მეტალურგიული მრეწველობიდან, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რადიოაქტიური ელემენტები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქი და შხამქიმიკატები, ფეკალურ-საყოფაცხივრებო ჩამდინარე წყლები და სხვა მრავალი რამ აბინძურებს. დაბინძურების შედეგად მცირდება მასში შემავალი ჟანგბადი, იწამლება წყლის ორგანიზმები და ა.შ.