ჰაერი გარემოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია და წარმოადგენს ატმოსფეროს აირების ბუნებრივ ნარევს. იგი შედგება ძირითადად, აზოტის (78%), ჟანგბადის (21%), არგონის (0,93%), წყლის ორთქლის (0,4-3%), ნახშირბადის დიოქსიდის (0,039%), ასევე წყალბადისა და სხვა აირების მცირე რაოდენობისგან. ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიოსფეროს სხვა კომპონენტებს შორის და მისი მნიშვნელოვნება დედამიწაზე შეუფასებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოში. ტექნიკური პროგრესის შესაბამისად მავნე გამონაბოლქვთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება და ცალკეულ კომპონენტთა კონცენტრაციები ბევრად აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.
ზოგადად, წვის პროცესები ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი უმთავრესი დამბინძურებელია ისეთი მავნე ნივთიერებებით, როგორიცაა: ნახშირბადის მონოოქსიდი, აზოტის და გოგირდის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, არამეთანური აქროლადი ორგანული ნაერთები (ააონ), ბენზ(ა)პირენი, დიოქსინ/ფურანები და ა.შ. ისინი ჰაერში დაგროვებისას ცვლიან მის ბუნებრივ ფიზიკო-ქიმიურ შემადგენლობას და კონცენტრაციის გარკვეულ ზღვრამდე მიღწევის შემდეგ ეს ნივთიერებები უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებსა და მატერიალურ ფასეულობებზე.
არახელსაყრელი გარემოს უარყოფითი შედეგები პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების ზრდის ტენდენციასთან. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს (რესპირატორულო ინფექციების, გულის დაავადებების, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობის, ინსულტისა და ფილტვის კიბოს ჩათვლით). დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამაბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ზემოქმედება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობაზე – ბავშვებსა და ორსულ ქალებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად 2014 წელს მსოფლიო მასშტაბით ნაადრევი სიკვდილიანობის 7 მილიონი შემთხვევა გამოწვეულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სოფლის მეურნეობის დარგებიდან და სამრეწველო ობიექტებიდან წარმოებული გაფრქვევებით ბინძურდება.
ურბანული გარემოს ატმოსფერული ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელია ავტოტრანსპორტი. ქვეყანაში გაფრქვეული აზოტის ოქსიდებისა (NOx) და ნახშირბადის მონოოქსიდის (CO) 62-78% ავტოტრანსპორტის სექტორზე მოდის. სატრანსპორტო საშუალებებისა და მათ მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობის პარალელურად ამ სექტორიდან გაფრქვევების დინამიკა სწრაფად მზარდია.
მრეწველობის სექტორიდან ატმოსფეროში ყველაზე დიდი რაოდენობით მყარი ნაწილაკები (PM) გაიფრქვევა. განსაკუთრებით დიდი მტვერგაფრქვევით ხასიათდება მრეწველობის ისეთი ქვედარგები, როგორიცაა: ცემენტის, გაჯის, ასფალტ-ბეტონის წარმოებები.
ენერგეტიკის სექტორიდან, ისევე როგორც ავტოტრანსპორტიდან, საწვავის წვის პროდუქტები – ნახშირბადის მონოოქსიდი, აზოტის ოქსიდები და გოგირდის დიოქსიდი (SO2) გაიფრქვევა, თუმცა, ასევე, დიდია აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) ემისიებიც, რაც ბუნებრივი აირის დანაკარგებით არის გამოწვეული.
სოფლის მეურნეობის სექტორიდან კი ატმოსფეროში ძირითადად ამიაკი (NH3), აქროლადი ორგანული ნაერთები, აზოტის მონოოქსიდი (NO) და მტვერი გაიფრქვევა.