საქართველოში ერთ-ერთ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით. პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს გარემოს დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელებიდან, ასევე სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
გარემო აგრეთვე ბინძურდება სამთო-მოპოვებითი და გამამდიდრებელი წარმოებების აკუმულირებული ნარჩენებისა და შლამებისგან, რომელიც განთავსებულია ყოფილი საბჭოთა საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებზე. საყურადღებოა დარიშხანის შემცველი ნაცარი და შლამი სოფლებში ცანა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და ურავი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) (ყოფილი დარიშხანის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოს ტერიტორიაზე).
გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს აგრეთვე ვადაგასული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები, განსაკუთრებით პესტიციდები, რომელთა ნარჩენები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი რაოდენობით დარჩა ქვეყნის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად ქვეყანაში წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენები (პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ცარიელი ტარა, ბაზრიდან ამოღებული ვადაგასული და მოძველებული პესტიციდები).
დღეისთვის, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების დახარისხება და მათი შემდგომი გადამუშავება იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი, რომ ნაგავსაყრელებზე ხვდება ნარჩენების მთლიანი მოცულობის მხოლოდ უმცირესი ნაწილი. დანარჩენი ექვემდებარება გადამუშავებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქამდე კანონი ნარჩენების შესახებ არ არსებობდა და, შესაბამისად, არ ხდებოდა მისი რეგულირება. პრობლემის მოგვარების მიზნით, შეიქმნა საქართველოს კანონი - „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს და განსაზღვრავს საკანონმდებლო ჩარჩოს ნარჩენების მართვისათვის.
ნარჩენების მართვის კანონი სახიფათო ნარჩენების განმარტებას, კლასიფიკაციას, მათი წარმოების, გადატანის, გაუვნებელყოფის, განთავსების აღრიცხვას და ამ პროცესის კონტროლს ითვალისწინებს.