საქართველო, როგორც კავკასიის შემადგენელი ნაწილი, შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) 200 გლობალური ეკორეგიონის შემადგენლობაში. ამასთანავე, საქართველოს ბიომრავალფეროვნებას დეგრადაციისა და განადგურების საფრთხე ემუქრება, რის გამოც ის შეტანილია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 34 „ცხელ წერტილში“. ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედ ძირითად საფრთხეებს, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენთანაც, წარმოადგენს ჰაბიტატების დეგრადაცია/განადგურება, ჭარბი მოპოვება, უცხო სახეობების გავრცელება და გარემოს დაბინძურება.
საქართველოში გამოვლენილია ფრინველებისათვის მნიშვნელოვანი 31 ადგილი. გარდა ამისა, კოლხეთის დაბლობზე მდებარე 2 ჭარბტენიანი ტერიტორია შეტანილია რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ნუსხაში.
საქართველო ბიოლოგიურად მდიდარ ქვეყნებს მიეკუთვნება. აქ აღწერილია ჭურჭლოვან მცენარეთა 4130 სახეობა. აქედან 600-მდე სახეობა (14,2%) კავკასიის ენდემია, ხოლო დაახლოებით 300 სახეობა - საქართველოს ენდემი (9,0%). საქართველოში აღწერილია ფაუნის 16054 სახეობა, მათგან 758 სეხეობის ხერხემლიანი.
ჰაბიტატების რღვევისა და მზარდი, არარეგულირებული მოხმარების გამო მცენარეების და ცხოველების მრავალი სახეობა გადაშენების ზღვარზეა მისული. მათ შორის, ძუძუმწოვართა - 29, ფრინველთა - 35, ქვეწარმავალთა - 11, ამფიბიების - 2, თევზების 14 და მერქნიანი მცენარეების - 56 სახეობა შეტანილია ეროვნულ წითელ ნუსხაში. ამასთან, საქართველოში გავრცელებული ხერხემლიან ცხოველთა 44 სახეობა არის გლობალურად გადაშენების პირას მყოფი და შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში როგორც მოწყვლადი, გადაშენების პირას მყოფი ან გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა.
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციაზე ხელმოწერით 1994 წელს საქართველომ ვალდებულება აიღო „ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე ახლანდელი და მომავალი თაობების სასარგებლოდ.“ ბიომრავალფეროვნების დაცვით აწმყოში მომავალ თაობებს ვაძლევთ საშუალებას, დააფასონ იგი და ისარგებლონ მისით.